ბევრისთვის უცნობი ქართული ტერიტორიები, რომელიც საქართველომ დაკარგა

„ჩრდილოეთი საქართველო! ქლუხორი! დაე, ამ სიტყვებმა საშვილიშვილოდ იცხოვროს დღეიდან ქართველი ხალხის შეგნებაში. მაშ, ქლუხორისაკენ – ჩრდილოეთ საქართველოსკენ, პატრიოტებო!“ – ეს სიტყვები საქართველოში პირველად 1944 წელს გაჟღერდა და დაიწერა, მაგრამ დღეს არც მათი წარმოშობის საფუძველი და არც დანიშნულება თითქმის აღარავის ახსოვს.

თუ ჩვენს მკითხველს უნახავს საქართველოს რუკები, რომლებიც 1945-1956 წლებშია გამოცემული, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან არა მხოლოდ დღევანდელის, არამედ საბჭოთა პერიოდში მოგვიანებით შექმნილი რუკებისაგანაც კი. ეს განსხვავება უმთავრესად საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე შეინიშნება: პირველი – დასავლეთ კავკასიონის გადაღმა, სვანეთის ჩრდილოეთით, მდინარე თებერდასა და ყუბანის ზემოწელში (დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ნაწილი) და მეორე – ასევე კავკასიის ქედის იქით, მდინარეების არღუნისა და ასას ზემოწელში (დღევანდელი ინგუშეთის რესპუბლიკის ნაწილი) და ითუმ-ყალეს რაიონი (დღევანდელი ჩეჩნეთის ნაწილი), რომლებიც საქართველოს ტერიტორიად არის წარმოდგენილი.

ბევრს ისიც მოუსმენია და წაუკითხავს, რომ ისტორიულად, შუა საუკუნეებში, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაშიც ვრცელდებოდა, მაგრამ დღეს დიდი ვახტანგის, დავითისა და თამარის ეპოქის გახსენება მხოლოდ ტკბილ, საამაყო მოგონებად თუ ოცნებად რჩება… არადა, სულ რაღაც 50-ოდე წლის წინ არსებობდა იმის საფუძველი, რომ ოცნება რეალობად მიჩნეულიყო – ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მაშინ ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია. მართალია, გამოთქმაში “ბევრად მეტი” საბჭოთა პერიოდი, ანუ დღეს უკვე უარყოფილი ეპოქა იგულისხმება, მაგრამ მაინც ხომ გვაქვს სათქმელად…

მოკლედ, მოდით ისტორიაში გადავიხედოთ და მცირედ გავიხსენოთ, რა დამოკიდებულება გვქონდა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ძველად, გავარკვიოთ, თუ რატომ მოგვცეს ტერიტორია და რატომ წაიღეს, ანუ რისთვის შეიქმნა და შემდეგ გაუქმდა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები. ვისმა ხელმა მოხაზა საქართველოს სსრ-ს ახალი საზღვრები, რა სარგებლობა მივიღეთ ამისგან და საერთოდ, გვჭირდებოდა კი მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის მიერ ნაჩუქარი მიწა-წყალი?

საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია: ისტორიის ფურცლები

ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას საუკუნეების ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ხალხების, ეს ურთიერთობებიც, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ მათში საკმაოდ ბევრი იყო სამოკავშირეო, მეგობრული მომენტები. ჩვენი დამოკიდებულების წინააღმდეგობრივი ხასიათი გამოიხატებოდა, მაგალითად, ვახტანგ გორგასლის სამწლიან ჩრდილოკავკასიურ ლაშქრობაში (458-461 წლებში), როცა მან ჯერ ოვსეთი დაიკავა, შემდეგ “იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა”, ბოლოს კი დაიმორჩილა ჯიქეთიც. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ამ ლაშქრობის უმთავრესი შედეგი ის იყო, რომ იმ დროიდან ოვსები და სხვა ხალხები დიდი ხნით საქართველოს მოკავშირეებად გადაიქცნენ, ისინი ხშირად ეხმარებოდნენ ქართველებს სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან შემოსეული მტრების მოგერიებაში. მოგვიანებით, გახშირდა ნათესაური ხასიათის კავშირებიც, დინასტიური ქორწინებებიც – ქართველი მეფეები ცოლად ირთავდნენ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მეფეებისა თუ ბელადების ასულებს… განსაკუთრებით მტკიცე კავშირები იყო ალანებთან (ოვსებთან), ხოლო მეცნიერთა აზრით, ალანები ჩრდილოკავკასიელი ხალხების – ბალყარელების, ყარაჩაელებისა და სხვების წინამორბედნად ითვლებიან. მათთან ახლო კავშირები ჰქონდათ სვანებს, რაჭველებს და მოხევეებს. ოვსეთში, დურძუკეთში და დიდოეთში რომ პოლიტიკურად განმტკიცებულიყვნენ, ქართველ მმართველებს საწყის ეტაპზე აუცილებელად სჭირდებოდათ კულტურულ-რელიგიური ექსპანსია. უკვე მეცხრე საუკუნეში მთიან ინგუშეთში ქართული ტიპის ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა იწყება. ქრისტიანიზაცია განსაკუთრებით გააქტიურდა თამარ მეფის მმართველობის ეპოქაში (1184-1207 წლები). მართალია, მონღოლ-თათრების შემოსევის შემდეგ ქართული ეკლესიის მისიონერული მოქმედება კავკასიის მთიელებში შეწყდა, მაგრამ იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ქართული კვალი ეკლესია-მონასტრების სახით.

ჩვენს დამოკიდებულებაში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, იყო საკმაოდ წინააღმდეგობრივი, სისხლიანი მომენტებიც – ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის გავრცელების შემდეგ: გავიხსენოთ ლეკთა თავდასხმები კახეთზე და ქართლზე დაღესტნიდან (“ლეკიანობა”), ხევსურთა დაპირისპირება ქისტებთან…. სწორედ “ლეკიანობის” შედეგი იყო ის, რომ რუსეთის იმპერიის დროს, კავკასიური ომების ეპოქაში, ბევრი ქართველი ჩრდილოკავკასიელი ხალხების თავისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა… თუმცა მსგავსი მოვლენები უფრო გარეშე ფაქტორებით იყვნენ განპირობებულნი, ვიდრე მეზობლობის პრობლემებით – ქართველებმა, დაღესტნელებმა, ჩეჩნებმა, ყარაჩაელებმა ყოველთვის იცოდნენ კავკასიური მოყვრობის, ურთიერთდახმარებისა და სტუმარ-მასპინძლობის წესები, ადათები და ტრადიციები. ამის ამსახველი ფაქტები მრავლადაა როგორც ქართულ ლიტერატურაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა პროზასა თუ პოეზიაში. აღსანიშნავია, რომ ქართველები ტოლერანტობას ამჟღავნებდნენ თვით კავკასიელ ხალხებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დროსაც. საკმაოდ ახლო კავშირები არსებობდა 1918-20 წლებშიც, როცა სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთში – ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა (დედაქალაქი თემირ-ხან-შურა, ამჟამინდელი ბუინაკსკი). საქართველო მთიელთა რესპუბლიკას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდა როგორც რუსეთის თეთრი (მოხალისეთა) არმიის, ასევე რუსეთის წითელი (ბოლშევიკთა) არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩრდილოეთკავკასიელი ხალხები 1940 წლისათვის

საბჭოთა პერიოდში, სოციალისტური ინტერნაციონალიზმის თეორიული პოსტულატების ცხოვრებაში გატარებით, ცენტრალური ხელისუფლება პერმანენტულად ცდილობდა კავკასიაში ხალხთა მეგობრობა განემტკიცებინა, მაგრამ ეს იოლად გადასაჭრელი ამოცანა არ გახლდათ. მთიელები არც რუს და არც ადგილობრივ ბოლშევიკებს არ ენდობოდნენ, თუმცა იმავდროულად მოსკოვმა შეძლო ესარგებლა ჩრდილოოსების რუსული ორიენტაციით (რომელიც ჯერ კიდევ მე-17 – მე-18 საუკუნეებში ჩაისახა) და ამას ოსტატურად იყენებდა სხვა კავკასიელი ხალხების მიმართ.

ჩრდილოეთ კავკასიაში კომუნისტების მმართველობის 20-წლიანი (1920-1940) პერიოდი, შეიძლება ითქვას, გარკვეული “წარმატებით” აღინიშნა – ჯერ კიდევ 1920 წელს შეიქმნა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მომდევნო წლებში კი მის ნაცვლად რიგი ავტონომიური რესპუბლიკები ჩამოყალიბდა. აქ მცხოვრებ ხალხებს შორის მნიშვნელოვნად მინელდა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს არსებული ეთნოკონფლიქტები, შოვინიზმის გამოვლინება, რელიგიური შეუწყნარებლობა (მაგ.ქრისტიან ოსებსა და მაჰმადიან ვაინახებს შორის). ეს გასაგებიცაა – კრემლი ცენტრალიზებული მართვის სისტემის ერთგული იყო და მკაცრად უსწორდებოდა მათ, ვინც სოციალისტური ინტერნაციონალიზმის პრინციპებს გადაუხვევდა.

მსგავსი სტატიები