შენ ლამაზი ხარ! ანუ სილამაზე სტანდარტების გარეშე

ყოველთვის, როცა ვხვდები ადამიანებს, არასდროს შემოვიფარგლები პირველი შთაბეჭდილებით. ალბათ გამოცდილების და ინტელექტის ამბავია ის, რომ ადამიანებში დიდი მკერდის და გრძელი ფეხების მიღმა რაღაც, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი დაინახო.
უცნაურია ამაყობდე იმით, რაშიც შენი წვლილი საერთოდ არ არის და ბუნებამ, უფრო სწორად, გენეტიკამ გარგუნა… და ყოველთვის მეღიმება ადამიანებზე, ვინც მეტისმეტი თავმდაბლობით, გარეგნული მონაცემებიდან გამომდინარე, თავს სხვებზე დაბლა აყენებს.

სილამაზის კონკურსებიც, ცოტა არ იყოს და – მეგოიმება, თვალს უხარია, მაგრამ თვალები მთავარი არ არის, აშკარად არ უნდა დავივიწყოთ ყურების და მით უფრო, ტვინის როლი …

ჩვენს გაშემო მუდამ იარსებებენ ადამიანები, ვისთვისაც:

ოდნავ გავსუქდებით და ძროხები ვიქნებით, გავხდებით და – ძვლების გროვა
მაღლები – მუტანტები და დაბლები ლილიპუტები
გავიღიმებთ და იდიოტები, არ გავიღიმებთ – უჟმურები
დიდი ცხვირით – გრძელცხვირები, პატარათი – უცხვირპიროები
სექსი გვექნება – ბოზები, არ გვექნება და მწნილები…
დიდი თმით – გაწეწილები, მოკლე თმით – გაკორტნილები.
მოდურად ჩავიცვამთ – გადაპრანჭულები, უბრალო, სადა ჩაცმულობის შემთხვევაში – ბომჟები…
ჩვენც ვიზრდებით და ყოველი ნაბიჯით მაღლა ასვლისას, უფრო და უფრო ბუნდოვნად გვესმის, რას ქოთქოთებენ ვიღაცები, ქვემოთ, ჭაობში. მათ აგრესიულ სახეებსაც ვეღარ ვხედავთ სიმაღლიდან.

ბავშვობაში თავი ყველაზე მახინჯი მეგონა და იმის ნაცვლად, რომ დამეფასებინა ის, რაც კარგი მაქვს, პირიქით, ვკომპლექსდებოდი ჩემი ფიზიკური „ნაკლოვანებებით“… მერე მივხვდი, რომ შენ შეგიძლია შექმნა შენი „სილამაზე“ და რეცეპტიც ძალიან მარტივია:

გაამახვილებ ყურადღებას იმაზე, რაც კარგი გაქვს, დაამატებ ცოტა განათლებას და ნაკითხობას, შემდეგ განავითარებ ნიჭს, რამდენიმესაც კი, დაიწყებ თავის მოვლას და იქნები გემოვნებიანი, დახვეწავ იუმორს, მეტყველებას და მანერებს, შეუთავსებ რამდენიმე მიღწევას, იქნები მეგობრული და კომუნიკაბელური, ნელნელა ცხოვრებისეული გამოცდილებაც კიდევ უფრო დაგამშვენებს და შენი მომხიბლველობაც კომპლექსურად შეიცვლება.

შეიძლება ბევრი გოგონა/ბიჭი იყოს შენზე ლამაზი, ან შენზე ჭკვიანი, ან ნიჭიერი, მაგრამ ლამაზიც, ჭკვიანიც, ნიჭიერიც, წარმატებულიც, საინტერესოც და ა.შ. ერთად – არც ისე ბევრი!

დაივიწყეთ დისკრიმინაციული გამონათქვამებიც:

რომ გოგონა ბიჭს უნდა სჯობდეს და ლამაზი უნდა იყოს, ბიჭი კიდევ მაიმუნზე ოდნავ ლამაზი
თავს მხოლოდ ქალები უვლიან, კაცებს უხეშობა ალამაზებთ
გოგო იმისთვის უნდა გალამაზდეს, რომ „გათხოვდეს“ და ბიჭს თავი მოაწონოს (თავის მოწონებაზე ორივე სქესი თანაბრად ვზრუნავთ)
გახსოვდეთ, რომ გარეგნული უპირატესობა არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ პირს გააღებთ, აი ამის შემდეგ უკვე ნულიდან იწყება ათვლა! არასდროს მაინტერესებდა გოგონა, რომელსაც ვიზუალურად ვესექსუალურებოდი და იმის მიღმა არაფერი აინტერესებდა… და თქვენ გინდათ მხოლოდ მკერდზე/კუნთებზე ორიენტირებული თაყვანისმცემლები? სავარაუდოდ გაქვთ ამბიცია, რომ აღარ აღგიქვან ხორცად და დაგინახონ შიგნიდან…

არავინ უარყოფს, რომ ვიზუალური ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, თუმცა ის ბათილია, შესაბამისი “გონებრივი სილამაზის” გარეშე და მეტისმეტად ხანმოკლეც.

მსგავსი სტატიები